„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ პანკისის სპეცოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კითხვები კიდევ უფრო ბევრია.
ბიბილაშვილი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა ხელისუფლების მიმართ, დღეს კიდევ უფრო დამძიმდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ დანაშაულს და ხელებს არ შეახოცავს რომელიმე რიგით სპეცრაზმელს. ფაქტია, რომ მოხდა ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა. ამასთანავე აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი კითხვაზე, ვინ შემოიყვანა საქართველოში ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, ვინ შეაიარაღა ეს რაზმი, რის გამოც შემდეგ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილის მდგომარეობა დილის 8 საათისთვის გართულდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.