18 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
სკოლის მოზარდების მკვლელობის საქმე - ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ეტაპი გრძელდება. დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა მოხდება. დღესვე სასამართლომ უნდა უპასუხოს სხვადასხვა სახის შუამდგომლობებსაც, რომელიც გუშინდელ პროცესზე დააყენეს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, რომლის გასაჩივრებასაც გეგმავს. გარდა ამისა, ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ორი დანის გარდა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, კიდევ არის სხვა დანაც გამოყენებული.

„ჩვენ არა მარტო იმ მტკიცებულებაზე, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ სხდომაზე, არამედ გარკვეულ სხვა მტკიცებულებაზეც გვაქვს პრეტენზია, რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვების დროს არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, თუმცა ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე ამაზე ჩვენ ვაპირებთ, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გავამახვილოთ ყურადღება. მიგვაჩნია, რომ ის მოთხოვნები, რაც გაწერილია საპროცესო კოდექსში და ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა რასაც მოითხოვს, გარკვეულწილად არის დარღვეული.

"ამაზე უფრო დეტალურად, უფრო ვრცლად ჩვენ ვისაუბრებთ არსებითი განხილვის სხდომაზე. მართალია პატივცემული პროკურორი ამბობს, რომ აქ მხოლოდ ორი დანა არის გამოყენებული და მეტი დანა არ ფიგურირებს, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის მას შემდეგ, რაც მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნებს აშკარად დადასტურდება, რომ არის ორზე მეტი დანა გამოყენებული,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. 

დღის ამბები