ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადება საპატრიარქოში არ ჩაიბარეს. ადვოკატმა დღეს მეორედ მიმართა საპატრიატქოს და მოითხოვა მეუფე იაკობის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შესწავლა. თუმცა მას განუცხადეს, რომ დასვენების დღეა და კანცელარია არ მუშაობს.
საქმე ეხება ქორეპისკოპ იაკობის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ გაცხადებას, როცა მან მიხეილ რამიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დათა ახალაიას აგენტად გამოაცხადა.
რამიშვილი ქორეპისკოპოსის განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს და ამბობს, რომ საპატრიარქომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
“ვისთანაც ვიყავი, მე მგონი ივანე ჰქვია თუ არ მეშლება, კანცელარიაში და მითხრა, რომ 22 რიცხვის ჩათვლის დასვენების დღე ყოფილა და აქედან გამომდინარე, ოფიციალურად ვერ ჩაიბარებდნენ, ჩაიბარებდნენ არაოფიციალურად. მე მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ოფიციალური ჩაბარებული და კითხვა მაინც დამისვა, თუ რას ეხებოდა და მე ვუთხარი, რომ ეს იყო ქორეპისკოპოსი იაკობის და პირადად ჩემი დამოკიდებულება იმ ცილისმწამებლურ განცხადებასთან, რომელიც მეუფე იაკობმა გაავრცელა,“ - აცხადებს რამიშვილი.
რამიშვილის განცხადებით, განცხადება წმინდა სინოდის ყველა წევრის სახელზე აქვს გაკეთებული და მასში ყველა წევრია მოხსენიებული. შესაბამისად, ადვოკატი მღვდელმთავრის ქმედების გამო სინოდის რეაგირებას ელის.
„ამავდროულად, მაქვს ჩანაწერი დისკის სახით, სადაც არის საუბარი ქორეპისკოპოსი იაკობის მხრიდან ცილისწამებაზე ჩემი მისამართით და ამავდროულად, ჩემი კოლეგა, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა - შალვა შავგულიძე, მისი შეფასება, თუ მე რა წვლილი მიმიძღვოდა სანდრო გირგვლიანის საქმეში,“ - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ მამა კახაბერ გოგოტიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ერთი განცხადების საფუძველზე სინოდი საგანგებოდ ვერ შეიკრიბება.
„სამდივნოში შემოსული წერილი განიხილება და გადაიგზავნება იმ მიმართულებით, ვინც უნდა განიხილოს. თუ ეს საჩივარი თუ რა დავარქვათ, შეეხება მღვდელს, ეს შეიძლება განიხილოს საპატრიარქოში არსებულმა საბჭომ,“ - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.