თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი და შაიუფ ბორზიევი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს საქმის მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობდა. დაცვის მხარემ დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა.
ბრალდებულებს, მათ შორის, ზურაბ გორნაკაშვილს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ და მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე "კურიერთან" ზურიკო გორნაკაშვილის ძმა საუბრობს. ზურიკო გორნაკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმა ზურაბ იდოიძეს არ იცნობდა. ის ძმის ახმედ ჩატაევთან რაიმე კავშირსაც გამორიცხავს.
„არ მგონია, რომ მაგათთან კავშირი ჰქონოდათ. მე პირადად ჩემს ძმაზე ვამბობ, ის თბილისში მუშაობდა, არ მგონია, რომ მათთან საუბარში იყო. მე სახლში ვარ სულ, რომ ჩამოდიოდა, მაგათთან კავშირი რომ ჰქონოდა მოვიდოდა, ილაპარაკებდნენ. დარწმუნებული ვარ, არავინ არ მოდიოდა და არც ტელეფონში საუბრობდა ეგეთ რაღაცეებზე,“ - აცხადებს გორნაკაშვილი.
თბილისსა და პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა ბრალდების მოთხოვნის საფუძველზე გადადო.