სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართა.
როგორ აპირებს სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას ხელისუფლება ჯერჯერობით დეტალებს ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ტოტალური თავდაცვის პრინციპი ყველა წვევამდელი ითვლება სამხედრო რეზერვისტად, ამიტომ ჩვენი საერთო ხედვა არის, რომ თითოეული მათგანი მეტად იყოს ორიენტირებული და ჩართული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში, თუმცა იმის აუცილებლობასაც ვხედავთ, რომ სხვა უწყებებშიც მათი როლი იყოს იმ ფუნქციებით დატვირთული, რაც შეესაბამება საერთო ინტერესებს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფორმის მთავარი პრინციპები წვევამდელებისთვის სწავლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება.
„ტოტალური თავდაცვის კონცეფციასთან სავალდებულო სამხედრო სამსახური არის არსებით ბმაში, ისევე როგორც რეზერვის სისტემა, რომელიც ასევე დაანონსა ჩვენმა უწყებამ. სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტში. გვინდა კვლავ ვიფიქროთ ამ მიმართულებით რათა ერთი კუთხით გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, მეორე კუთხით მეტი ინტერესი ახალგაზრდებში, რომ მიიღონ მონაწილეობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში,“-აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი.