კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე ლარისა ცოკოლმა უდანაშაულოდ სცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სხდომის დაწყებისას "ახლა ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მყოფებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მსხდომებს მიმართა და პროკურორები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
სააკაშვილის თქმით, საჭირო და აუცილებელია იმ ადამიანების მოძებნა, რომელიც უკრაინას სხვა მიმართულებით გაუძღვება.
„საუბარია უკრაინის უდიდესი მასშტაბით ძარცვაზე და ეს პროკურორები ამის თანამონაწილეები არიან. საქმე გვაქვს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობასთან. მე მათ იანუკოვიჩის თანხებთან დაკავშირებით ხალხისთვის სიმართლის დამალვაში ვადანაშაულებ. კრამატორსკის სასამართლოს გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება ამის დასტურია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის შინა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.