18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ, იუსტიციის საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა-მიზეზი უცნობია

მოსამართლე გიორგი არევაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანა, ყველასათვის მოულოდნელად საკუთარი კანდიდატურა იუსტიციის საბჭოს კონკურსიდან მოხსნა. კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში ამ დრომდე გრძელდება და 52 ვაკანტურ პოზიციაზე უმეტეს შემთხვევაში საბჭომ უკვე დანიშნა მოსამართლეები. კანდიდატების დიდი ნაწილი მოსამართლეა, რომლებიც ან სხვა ინსტანციაში გადანიშვნას, ან უვადოდ გამწესებას ითხოვდნენ. ინსტანციის შეცვლას და უვადოდ დანიშვნას ითხოვდა არევაძეც.  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, არევაძის გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდებოდეს.

“ჩვენ გვაქვს უბრალოდ მშრალი ინფორმაცია, რომ მან გაიტანა განაცხადი უკან, მიზეზი არ განუმარტავს. თუ კი ის დაინიშნებოდა გამოვიდოდა რომ ის იქნებოდა უვადოდ. მისი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი, შესაძლოა უკავშირდებოდეს, რადგან კონკურსი და გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ არ მაქვს ეს ინფორმაცია და ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. გასაუბრებაზე როდესაც გამოვიდა მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა დოკუმენტების გატანას“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტის ოლიკო შერმადინის თქმით, კენჭისყრა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს.

“როგორც უკვე ჩვენ შევეჩვიეთ გასული წლების მანძილზე ისევ იმგვარად, დახურულ რეჟიმში, წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს კენჭისყრა. თავდაპირველად რა თქმა უნდა გამწესდნენ ის მოსამართლეები რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ არიან დაახლოებულები მოსამარლეთა გავლენიან ჯგუფთან. მათ შორის უვადოდ გამწესდნენ უკვე, საბჭოს ორი მოსამართლე წევრი და ისევე როგორ საბჭოს წევრებთან დაახლოებული პირები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ამ კონკურსზე უპრეცედენტოდ ბევრმა კანდიდატმა მოითხოვა გასაუბრების დახურვა,“- განაცხადა შერმადინმა.            

დღის ამბები