სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ახალგაზრდების მისამართით რამდენიმე გასროლის გამო, უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სამართალდამცველები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. რუსთავის პოლიციის უბნის ყოფილ ინსპექტორებს, ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს პროკურატურა უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღის გამოყენებით გადამეტებაში ადანაშაულებს.
ბრალდების მტკიცებით, მათ რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარედ შეკრებილ ახალგაზრდებს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე სთხოვეს განყოფილებაში გაყოლა. უარის მიღების შემდეგ კი, ღონღაძის წინააღმდეგ ჯერ გასროლა განახორციელეს, შემდეგ კი წაქცეულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პოლიციელების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს სათათბირო ოთახში გასვლა არ დასჭირვებია.
სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს შესაძლოა გაენადგურებინათ მტკიცებულებები ან ზეწოლა მოეხდინათ მოწმეებზე.
პროკურატურის პოზიცია დარბაზშივე გააპროტესტეს ბრალდებულებმა. ყოფილი პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და არც გამოძიებისთვის წარმოადგენდნენ საფრთხეს. ყოფილი პოლიციელებისთვის წარდგენილი ბრალის აბსურდულობაზე საუბრობენ მათი ადვოკატები.
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმეზე არსებით განხილვას რუსთავის სასამართლო, თებერვლის ბოლოს დაიწყებს. მანამდე კი ადვოკატები აღმკვეთის შესახებ დღევანდელ განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.