პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მათი სახელით გამართულ ზეიმზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მეხანძრე-მაშველების და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები დაპატიჟა. თუმცა, გორიდან ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების ოჯახებიც იმყოფებოდნენ. ზეიმი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიებაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას მიწვევით დევნილები, შშმ ბავშვები, მეხანძრე-მაშველების შვილები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები და მრავალშვილიან ოჯახები უნდა ყოფილიყვნენ, საკუთარი შვილიშვილები წაიყვანა.
პრეზიდენტის ნაძვის ხეზე იყვნენ გორის კულტურის სამსახურის უფროსის შვილები, დისშვილები და ძმისშვილებიც. ეკატერინე სუხიშვილი ამტკიცებს, რომ რამაზ შიოლაშვილი ღონისძიების ორგანიზატორი იყო და მას პრეზიდენტის ნაძვის ხეზე ნებისმიერი სტუმრის წაყვანა შეეძლო. სწორედ ამით ხსნის მერის მოადგილე ფაქტს, რომ წასაყვანი ბავშვების სიაში დევნილებისა და სოციალურად დაუცველების ნაცვლად, მერიის ჩინოსნების შვილები მოხვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის ნაძვის ხის შესახებ ადგილობრივებმა სოციალური ქსელის საშუალებით, მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიგეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ მოსაწვევების დიდი ნაწილი მერიის თანამშრომლებმა თავად გადაინაწილეს.
ღონისძიება რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი, დევნილი და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისთვის იყო, ეს გორის მერიაშიც იცოდნენ.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.