18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები - ექსპერტები უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ

უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა უმაღლესი თანამდებობის პირების შეკრება და საკითხების სერიოზული განხილვა.

“ამ გამოწვევების ფონზე ლოგიკური იქნება უმაღლესი თანამდებობის პირების შეკრება, თუკი რაიმე ღონისძიებებია დასაგეგმი დაიგეგმოს, თუკი სხვა ინფორმაციაა გასაზიარებელი, გაზიარებულ იქნეს. არ არის მგონი გონივრული, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ან მისი წარმომადგენელი საჯარო სივრცეში აკვირდება მოვლენებს, რომელიც ვითარდება უსაფრთხოების მიმართულებით,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ექსპერტების თქმით, აუცილებელია პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სწრაფი გამოძიების ჩატარებაც და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება, ანალიტიკოსები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობასაც არ გამორიცხავენ.

„უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ არ მოახდინოს ამ პროცესებიდან დისტანცირება. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი საფუძველი სახელმწიფოსი - ადამიანი, მისი სიცოცხლის უფლება. ამ ვითარებაში ძალიან კარგი გამოსავალი იქნება თუ უშიშროების საბჭოს ფორმატში შეიკრიბებიან უმაღლესი თანამდებობის პირები,“ - აცხადებს კოტე ჩოკორაია.

დღის ამბები