პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად, პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში სუს-ის ხელმძღვანელი პირების დაბარებას ითხოვს სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება და მასზე დასწრების უფლება მათ წარმომადგენელსაც მიეცემა.
„ნდობის ჯგუფის ფორმატი ზოგადად არის შეზღუდული, მას არ აქვს უფლებამოსილება და ფუნქცია, რომ ყველა ამ ტიპის საკითხზე დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები, თუმცა ამ პირობებში, როდესაც სხვა ფორმატი არ არსებობს ქვეყანაში, ალბათ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი იქნება ის ფორმატი, სადაც ეს კითხვები უნდა დაისვას. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით, რომ პარლამენტმა უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა, სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნაზე,“ - განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.
სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე პარლამენტის მიერ კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„უშიშროების საბჭოს ფორმატი არ არის ერთადერთი, სადაც შეიძლება ამ თემაზე ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება. მეორე მხარე არის საპარლამენტო საზედამხედველო მანდატი, რომელიც პარლამენტს გააჩნია და შეუძლია შესაბამისი სამსახურების პირები დაბარებული იყვნენ და მათგან მიიღოს ინფორმაცია პარლამენტმა,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღის ბოლოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს.