საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში მინისტრების მოსმენის სისტემის შესაძლო გაუქმებას საპარლამენტო უმრავლესობა არ ადასტურებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეგლამენტში ცვლილება იგეგმება, თუმცა, კონკრეტულად რა შეიცვლება, ჯერჯერობით უცნობია.
„ვცდილობთ გავზარდოთ საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურობა, შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით ხდება მუშაობა რეგლამენტის ცვლილებების პროექტზე. ამ ეტაპზე როგორი იქნება რეგულაცია, ვერ მოგახსენებთ.“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სავარაუდო ცვლილებას აპროტესტებს ოპოზიცია. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ კანონის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა, ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს პრობლემების მოგვარებაზე და მინისტრების მოყვანაზე პარლამენტში, ისინი დღეს როგორც ჩანს, ფიქრობენ იმაზე, რომ საერთოდ გააუქმონ ეს ვალდებულება და ეს მუხლი, რომელიც კანონის მიხედვით ავალდებულებს მთავრობის წევრებს საერთოდ ამოიღონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან, ეს არის სრულიად დაუშვებელი,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
რეგლამენტში ამ კუთხით ცვლილებების შეტანა მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“.