მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან გარიგებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია "ზიკ"-ის ეთერში პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი "ალ ჯაზირას" მიერ გასაჯაროვებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს 1.5 მილიარდი დოლარის გათეთრებაში პოროშენკოს პირადი ბანკირი, ვალერია გონტარევა ეხმარებოდა.
ხოლო იანუკოვიჩისა და მისი გუნდის კუთვნილი ფირმები, რომლის საშუალებითაც ეს ხორციელდებოდა, ახლა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის გარემოცვის ხელშია.
„ვიდრე მე კურჩენკოსგან რაღაც ფულის აღებას მაბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთნახევარი მილიარდი დოლარის გათეთრებას, რომელიც იანუკოვიჩის გუნდს უკრაინიდან სხვადასხვა კომპანიების საშუალებით გაჰქონდა, პოროშენკოს პირადი ბანკირი ახდენდა.
პრეზიდენტთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ.
მათ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ უკრაინის ბიუჯეტიდან მოპარული ფული თითქოს დააბრუნეს, თუმცა შემდგომში გაქცეული პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კუთვნილი კომპანიები თავად ჩაიგდეს ხელში. არასწორი კონფისკაციის გამო კი, მაქსიმუმ ორ წელიწადში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფული უკრაინის ბიუჯეტიდან კვლავ ამ ფირმებში დაბრუნდება.
სქემის მონაწილეები დიდძალ ფულს მიიღებენ და ნაწილს იანუკოვიჩსაც დაუტოვებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეხება არავინ იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას? ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო ძებნიდან მოხსნეს. მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელისუფლების გარეშე ვერავინ მიიღებდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.