საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც სასულიერო პირები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვენ, მმართველ პარტიაში აზრი ორად გაყო. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილისთვის გარედან საკანონმდებლო პროცესში ჩარევა მიუღებელია.
დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტში არსებობს ზოგიერთი ნიუანსი, რომელიც გამოსასწორებელია, თუმცა ეს არ უნდა იყოს პარლამენტის გარედან მართული პროცესი.
"მე კატეგორიულად ვემიჯნები, როგორც პარლამენტის წევრი, პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს, არასამთავრობოებიდან იქნება ეს და მათი დიქტატით გაკეთებულ საკანონმდებლო საქმიანობას ან პირიქით რაიმე სხვა სფეროდან. მე მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ეს არის ჩვენი კომპეტენცია, მე პირველ რიგში მაინტერესებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს თანხმობა უმრავლესობაში,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონს მაღალი რისკის მატარებელს უწოდებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ეთანხმება საპატრიარქოს პოზიციას, რადგან მისი თქმით, ნარკოლიბერალიზაცია გაზრდის ნარკომომხმარებლების რაოდენობას და ამავდროულად კრიმინალს ქვეყანაში.
„კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში არის მაღალი რისკი, რომ ქვეყანაში არა თუ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, არამედ პირიქით, უფრო გაიზარდოს და გაიზარდოს მასთან ერთად ქვეყანაში კრიმინალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, მინიმუმ ეს კანონპროექტი უნდა იქნას შეთანხმებული და მხოლოდ მას შემდეგ იქნას განხილული. თუკი შეთანხმება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს პერსპექტივა არ ექნება. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ამ ტიპის, ამ მასშტაბის კანონპროექტები იქნას განხილული უფრო ფართო საზოგადოებაში,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.