საქართველოს საპატრიარქოს მიმართვას, შეჩერდეს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მმართველ გუნდს საკუთარ დაპირებებს ახსენებს.
მელია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების პირობა დადო, რაც უნდა შესრულდეს. მისი განცხადებით, არ შეიძლება ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში ისხდნენ.
„არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან. მათ ეს საკითხი აქვთ პრაქტიკულად გადაწყვეტილი და ისინი საუბრობენ, რომ დროის ამბავია და ისინი აუცილებლად პარლამენტში მიიღებდნენ შესაბამის კანონს. არსებობს კანონპროექტი უკვე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი თავიანთ დაპირებას შეასრულებენ, ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები წლობით იხდიან სასჯელს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტში არსებული კანონპროექტი ჯერ კიდევ დასახვეწია, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც საქართველოს საპატრიარქო საკუთარ განცხადებებში საუბრობს.
„განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. ეს არის პარლამენტის საქმე და მიგვაჩნია, რომ ის კანონპროექტი, რომელიც დღეს არსებობს, კიდევ უფრო უნდა იყოს დახვეწილი. მათ შორის, შეიძლება იმ კუთხითაც, რაზეც საპატრიარქო საუბრობს, მაგრამ ზოგადად არის ადგილები ამ კანონში, რომელიც არის უფრო მეტად დასახვეწი და უფრო კარგი მიდგომები შესამუშავებელი. მათ შორის იმ კუთხითაც, რომ იყოს უფრო მეტად ლეგალიზებული ან დეკრიმინალიზებული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალება,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
საქართველოს საპატრიარქო პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას სთხოვს. საპატრიარქო არ უჭერს მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა კანონპროექტის დამტკიცებამდე საჭიროდ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დააწესოს დამატებითი რეგულაციები ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ.