სასულიერო პირების მოთხოვნების გამო, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს, მმართველ პარტიაში აზრი ორად გაიყო. დეპუტატების ერთი ნაწილი მზად არის საპატრიარქოს მოთხოვნას დათანხმდეს და განხილვები შეაჩეროს, დანარჩენები კი მიიჩნევენ, რომ საპატრიარქო კანონშემოქმედებით საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს და დეპუტატებს საკუთარ მოსაზრებებს თავს არ უნდა ახვევდეს.
„საზოგადოების უმნიშვნელოვანეს საკითხზე საპატრიარქო რომ განცხადებას აკეთებს მისასალმებელია, რადგან ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა საქართველოში დიდი როლი ამ პრობლემასთან ბრძოლის მიმართულებით,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
მან უშუალოდ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კონსულტაციები აქამდეც მიმდინარეობდა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება და ამ კონსულტაციების შემდეგ შეჯერდება უმრავლესობა.
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს "კონსერვატორები" მხარს არ უჭერენ. გიგა ბუკიას აზრით, უმჯობესი იქნება, კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოხდეს. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კი არ არის ინიცირებული, არამედ ცალკეული დეპუტატების მიერ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ჩართულობა მნიშვნელოვანია.