18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
"ეს კანონი არის ცუდი და მავნე" - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს 

საქართველოს პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზღუდავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განვითარებას და აზიანებს მედიაგარემოს.

„ვეტოს გამოყენების შემთხვევაში და მოტივირებული შენიშვნების საფუძველზე გარკვეულ მუხლებთან მიმართებაში, პარლამენტი თუკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ საკითხს და იმსჯელებს ამ თემაზე, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ თავად ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. აუცილებელია, რომ იმ კატეგორიის და იმ ფორმის ცვლილებები მივიღოთ მაუწყებლის შესახებ კანონში, რომელიც არ დააზარალებს ერთის მხრივ, კერძო მაუწყებლებს და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურ დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს მავნეს უწოდებს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი.

„ეს კანონი არის ცუდი, მე ვიტყოდი მავნე, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მედიას, არა მარტო სატელევიზიო მედიას, არამედ შეუქმნის სხვა მედიებსაც. გაუგებარია, რატომ უნდა გავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფარგლებიდან, რასაც ჰქვია ტენდერების ჩატარება,“ - აცხადებს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში.

მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. გიორგი მარგველაშვილს 10 დღიანი ვადა დღეს ეწურება.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ან ვეტო დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები