18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე 50-მდე ავტომობილი გამოსვლას ვერ ახერხებს - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ 

დიდთოვლობის გამო, კობი გუდაურისა მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. ამ დროისთვის ადგილზე 50-მდე ავტომობილი იმყოფება და ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

როგორც "რუსთავი 2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა გიგა არაბულმა განუცხადა, მათ ღამე კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ავტომობილებში გაათენეს. მისი თქმით, 112-ის შენობასთან ათობით ავტომობილს შორის სამარშუტო ტაქსებიც არიან.

მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გზა გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გაიხსნა, სიმართლეს არ შეესაბამება. არაბული ამბობს, რომ მოქალაქეთა ნაწილმა ღამის გათენება ახლოს მდებარე სასტუმროებში შეძლო, თუმცა უმეტესობას ავტომობილში დარჩენა მოუწია. 

მისივე განცხადებით, ამ დრომდე ვერ კონკრეტდება ზუსტი დრო, როდის მოხდება გზის გახსნა. არაბულის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილა არც მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებდა. 

„გუშინ დილიდან ვართ გაჩერებულები. აქ მხოლოდ საპატრულო პოლიციაა და გვეუბნებიან, რომ შეიძლება დღეს გაიხსნას გზა, თუმცა არ არის გამორიცხული, დღევანდელი ღამის გათენებაც ავტომობილებში მოგვიწიოს. კობის გამოსასვლელთან, 112-ის შენობასთან ვდგავართ. 50-ზე მეტი მანქანაა გაჩერებული, არის სამარშუტო ტაქსები და ტრაილერები. გზის გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა. ტელევიზიით ამბობენ, რომ გზა გაიხსნა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განუცხადა „რუსთავი 2“-ს გიგა არაბულმა.   

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კუბი გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებისთვის დღის ბოლოს მოიხსნება და ჩარჩენილი მგზავრებიც გამოსვლას საღამოსთვის შეძლებენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზე ამ დროისთვის შეზღუდვები აღარ მოქმედებს.

დღის ამბები