„ჩემი სუბიექტური, პირადი შეხედულება არის ის, რომ პრეზიდენტი ალბათ, ვეტოს დაადებს, ასე მგონია,“ - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელ ვეტოს.
კანონთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტს ბოლო დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. არასამათავრობო სექტორმა და ოპოზიციამ გიორგი მარგველაშვილს არა ერთხელ მოუწოდეს, რომ სადავო კანონს ხელი არ მოაწეროს, ვეტო დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნოს.
სოფო კილაძის თქმით, ვეტოს დადების მსურველთა არგუმენტები სუსტია. კილაძე ასევე, აღნიშნავს, რომ თავად მმართველ გუნდშიც არიან ისეთი პირები, რომლებიც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.
„ის არგუმენტები, რაც მე აქამდე მოვისმინე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიდან, მათ შორის, ჩემი კოლეგებიდან, მე მგონია, რომ უფრო წონადი არგუმენტები არის იმ მხარეს, რომელი მხარეც სწორედ მხარს უჭერს მაუწყებლის შესახებ კანონს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კანონში შესატან ცვლილებაში ხარვეზებს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციულ რეკლამას მინიმალური დრო გამოეყოფა.
„ეს ვერ მოახდენს ზეგავლენას, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანობაზე სხვა ტელევიზიების,“ - აცხადებს სოფო კილაძე.