ევროკავშირის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი ეხმაურება. არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოში ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ იმედი გამჭვირვალე გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯისა, ძალიან მცირეა. საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტად ადვოკატს ძიების პროცესის გაჭიანურება მოჰყავს.
ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ძიება საქართველოში 8 თვეა მიმდინარეობს, არაფერი შეცვლილა და შედეგიც არ არსებობს.
რაც შეეხება ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ საქმეს, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის საქმეს სტრასბურგმა პრიორიტეტი მიანიჭა.
„დღემდე არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა აზერბაიჯანის სასამართლომ. ეს ადამიანი იმყოფება არაადამიანურ პირობებში. მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და იმედია, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით მოხდება ამ ადამიანის უფლებების აღდგენა. ფაქტია, რომ მიუხედავად არა ერთი საერთაშორისო კომენტარისა, ქვეყნის შიგნითაც ჩავარდნების აღიარებისა, დღემდე წინ ნაბიჯი არ გადადგმულა. რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მცირეა იმედი იმისა, რომ ობიექტური გამოძიება მოხდება ამ საქმისა,“ - აცხადებს აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ევროკავშირი თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ აფგან მუხთარლისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება, სერიოზულ კითხვებს აჩენს.