ევროკავშირის მიერ, თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნას თბილისში, საპარალამენტო უმცირესობის გამოხმაურება მოყვა.
ოპოზიცია ამბობს, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს და მუხთარლის გატაცების რეზონანსული საქმე მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კალანდაძე მიიჩნევს, რომ მუხთარლის გაუჩინარების საქმეში, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის საფუძვლიანი ეჭვები არსებობს.
„ეს იქნებოდა რიგითი დანაშაული, რომ არ იყოს ძალიან მყარი და საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ ამ კრიმინალში პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო. სახელმწიფო თავად არის ჩართული. ის დანაშაულის შემოქმედიც იყო და ამ დანაშაულის დაფარვაშიც რეალურად არის თავად ჩართული. ამას მოწმობს არა მხოლოდ ოჯახის განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი მონაწილეობს ამ დანაშაულში, არამედ მთელი რიგი ფაქტებისა,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობა მუხთარლის საქმის დამალვას ცდილობდა.
„ამ 8 თვის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი მხრიდან მრავალ გზის გაფრთხილებისა მთავრობის მიმართ, რომ ამ საქმის გადადება და ასე თვალის დახუჭვა არაფერს კარგს არ მოიტანდა, გარდა იმისა, რომ მიაყენებდა ჩრდილს ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციას, მიუხედავად ამისა, მან არაფერი არ გააკეთა. შეეცადა, რომ მიეჩქმალათ ეს ამბავი. ამ დროს არ იჩქმალება ასეთი ტიპის საქმეები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რეზონანსული და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ 6 თვის წინ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქარველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანში მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბელაქნის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა