დღეს პრეზიდენტს ბოლო დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ გიორგი მარგველაშვილს არა ერთხელ მოუწოდეს, რომ სადავო კანონს ხელი არ მოაწეროს. საუბარია კანონზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსებას გულისხმობს.
მართალია უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად უკვე ემზადება, თუმცა მმართველი გუნდის შიგნით მაუწყებლობის შესახებ კანონს ოპონენტები ჰყავს. მეტიც, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დოკუმენტს მხარი საერთოდ არ დაუჭირა. რომან კაკულია ფიქრობს, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ბაზარზე სამართლიანი პირობები დაირღვევა.
„ეს არგუმენტები ძირითადად იყო პრინციპები. კონკურენციის მთავარ გამოწვევასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში, როდესაც სამართლიანი ბიზნესგარემო უნდა იყოს და რაც შეეხებოდა სტარტაპებს, ჩვენ არავითარი ეჭვი არ გამოგვითქვამს იქ რაღაც შეფარული მიზნებისადმი, არამედ ვთქვით, რომ ასეთი ტიპის საქმიანობები ერთნაირი სისტემური მიდგომებით უნდა ყალიბდებოდეს სახელმწიფოში და ეს არის ჩვენი მთავარი არგუმენტი. და კიდევ ერთსაც დავამატებდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ეს ჩვენი გუნდის შიგნით ჯანსაღ პროცესად აღიქვას და აქედან არ შექმნას შთაბეჭდილება იმის, რომ რაღაც კატასტროფა ხდება გუნდში,“ - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
დოკუმენტს მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ნინო გოგუაძე. დეპუტატი აცხადებს, რომ კომერციული რეკლამის შესახებ კანონის დროის გაზრდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა შეფასდეს და გათვალისწინებული უნდა იქნას პატარა მაუწყებლობების პოზიციაც.
„ეს პირველ რიგში უნდა შევაფასოთ, როგორი გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს პატარა ტელეკომპანიებზე, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილ არის მედია სივრცის საქართველოში. ამიტომ, სწორედ ამ კუთხიდან დანახული ვფიქრობდი, რომ შეიძლება ამ საკითხის უფრო სხვაგვარად დარეგულირება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.