საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლული გენერალი სამსონ ქუთათელაძე, სახლში გვიან ღამით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენეს. ოჯახი სამძიმარს იღებს. მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ გენერალ ქუთათელაძის ოჯახის წევრები.
მეზობლებს კი, მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ბაზრის წილებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ინფორმაცია არ აქვთ.
„დიდი წლებია ვმეგობრობ, როგორც ოჯახის წევრი, ისე ვარ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, რომ მას წილებზე ეთქვა. გათვლილი, მშვიდი, გაანგარიშებული კაცი იყო. არასდროს მაგგვარი არაფერი მსმენია, არც ოჯახისგან და არც სხვისგან. ყველა იყო მშვიდად, არავინ არ მოველოდით ამას,“ - აცხადებს ქუთათელაძის ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე, რომელიც რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მოწილე იყო, საკუთარი წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ გარიგებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.