შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, კლუბ "ბასიანთან" პოლიციის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის ადვოკატი ეხმაურება.
უფლებადამცველი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები ურთიერთშელაპარაკების დროს, გაშველებისას დაშავდნენ.
„მოხდა ურთიერთშელაპარაკების გამო, ორი პიროვნება დაჭრილია და სხეულის დაზიანება მიღებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაშველების შედეგად. არცერთი ჭრილობა შემავალი არ არის. ჩვენ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომ დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება,“ - განაცხადა თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა.
მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს და უწყება არ დაუშვებს პოლიციელზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას.