18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"მივმართავ შს მინისტრს, პროკურატურას, იმოქმედონ სწრაფად"- ტარიელ ლონდარიძე სამსონ ქუთათელაძის სამძიმარზე მივიდა

საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლული ყოფილი გენერლის, სამსონ ქუთათელაძის ოჯახი სამძიმარს იღებს. ოჯახის და მოკლულის მეგობრების მთავარი მოთხოვნაა, რომ შსს-მ დამნაშავე პირი დროულად დაადგინოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე, რომელიც რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მოწილე იყო, საკუთარი წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ გარიგებას, ისევ უცნობია.

„ერთად ვიმსახურეთ წლები და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ შეიარაღებულ ძალებში არსებობდეს წარსულში ან ახლა ადამიანი, ვინც მის მიმართ არ იყოს კეთილად განწყობილი. ქუთათელაძეების ოჯახი მთელი ცხოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სიმბოლო იყო. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ბატონ სოსოსთან მიმართებაში. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურატურას, იმოქმედონ სწრაფად და ცხელ კვალზე შეძლონ დამნაშავეების დასჯა,“ - განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ.

ყოფილი გენერლის სამძიმარზე ცოტა ხნის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გია ყარყარაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლული ყოფილი გენერლის ცხედარი ტაბახმელაში გვიან ღამით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენეს. გარდაცვლილს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები