კლუბ ”ბასიანის” ერთ-ერთი მმართველი დაცვის წევრების დაჭრაში ბრალდებულების გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნაჯა ორაშვილი, მომხდარს სისხლიან პარასკევს უწოდებს. ორაშვილი კლუბთან მომხდარ ფაქტს დეტალურად იხსენებს
"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განაცხადა, ჩვენი მთავარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო.
სამი დღე ვდუმდი.
"იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! - გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს, რომ მათი პრივილეგიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.
"მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ. "ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?"- წერს ნაჯა ორაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.