ხმაურია დღეს დილიდან სარფის საბაჟოზე. მოვაჭრეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ახალი რეგულაციებით კი მათ შეზღუდვები უწესდებათ.
რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ.
საბაჟოზე აჭარის მთავრობის მეთაური, ზურაბ პატარიძე მივიდა.
პატარიძე ვითარების გასარკვევად თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად, თურქეთში ოფიციალურ შეხვედრაზე გაემგზავრა.
„დღეს დილას მე მქონდა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან, მქონდა კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აქ იმყოფება თურქეთის გენერალური კონსული, მასთან ერთად ახლა მე მივემგზავრები თურქეთში ოფიციალურ შეხვედრაზე, ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი,“ - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.