პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების ფარგლებში დაკითხული პირების ოჯახის წევრები მათი ახლობლების დაკითხვის შესახებ საუბრობენ. საქმე ეხება 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, ასევე კითხვები ეხება თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ლიკვიდირებულ პირებს.
გუშინ დაკითხული ერთ-ერთი ადგილობრივის დედა ჰედი ქუშანაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის დაკითხვის მიზეზი ფოტო სურათი გახდა, სადაც ის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ბორზიევთან ერთად არის გადაღებული.
„სიმართლე თქვითო, ვიცითო რასაც აკეთებთო, ყველაფერი ვიცითო, უბრალოდ გვინდა, რომ თქვენგანაც მოვისმინოთ და გავიგოთო. პირველად ცოტა ზეწოლა იყო, მაგრამ ჩაიარა. რომ მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში არ იყვნენ ბავშვები, უბრალოდ ნანახი ყავდათ და მეტი არაფერი,“ - განაცხადა ჯიბრაელ ქუშანაშვილის დედამ ჰედი ქუშანაშვილმა.
მისი თქმით, მისი შვილი და დაკითხვაზე დაბარებული კიდევ ორი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობრები არიან.
„რაღაცის გაკეთება სურთ, ვითომ დაკითხვა რაღაცეები, მაგრამ ყველაფერი ვიცით, მანდ რაც ხდება, რის გაკეთებაც უნდათ, ჩვენს სისხლში ხელებს ისვრიან და ჩვენზე ისუფთავებენ,“ - განაცხადა ჰედი ქუშანაშვილმა.
გუშინ თბილისში სამი პირი დაკითხეს. მათგან ერთ-ერთი იუსუფ ხანგოშვილია. ხანგოშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, სადაც ის ჩატაევის ჯგუფის წევრებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, მობილური ტელეფონების ერთ-ერთი მაღაზიაში იმყოფება.
„ჩემი შვილი კი არა, მაგათ ნახევარი სოფელი იცნობდა, მერე რა რომ ჩანს, ეს არაფერს ამტკიცებს,“ - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.
იუსუფ ხანგოშვილის სახე სუსი-ის მიერ გავრცელებულ ვიდე მასალაში დაბლარული იყო, ხოლო ორი დღის წინ, "კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში, ის გრაფიკული დამუშავების გარეშე ჩანს. ხანგოშვილი, ჩატაევის ჯგუფის წევრებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, მობილური ტელეფონების ერთ-ერთი მაღაზიაში იმყოფება.