სახალხო დამცველი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდა. ომბუდსმენს საკუთარი მოსაზრებები ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის, დაკავებების და დაკითხვების შესახებ უხუცესთა საბჭოს წევრებმაც გააცნეს.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, იუსუფ ხანგოშვილის მამა ჯარაფ ხანგოშვილი ამბობს, რომ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გუშინ სამი პირის დაკითხვის შესახებ კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგადად ამ საკითხს, შეხვედრის დროს შეეხნენ.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ორ პირთან ერთად, ჯარაფ ხანგოშვილის შვილიც, იუსუფ ხანგოშვილიც დაიკითხა. სულ, გუშინ თბილისში სამი პირი დაკითხეს.
ჯარაფ ხანგოშვილის თქმით, საუბარი შეეხო სპეცოპერაციას, ასევე იმ საკითხებსა და პრობლემებს, რაც პანკისის ხეობაში არსებობს.
„იყო სპეცოპერაციის შესახებაც საუბარი, თავისი აზრი გამოთქვეს. იყო სხვა საკითხებიც, ხეობის პრობლემები,“ - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ხასო ხანგოშვილი, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სახალხო დამცველს სთხოვეს, გამოძიების მიმდინარეობას ყურადღება მიადევნოს, ასევე იმას, რომ ის ობიექტურად წარიმართოს და არ შეჩერდეს.
უკვე 6 საათია სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
ნინო ლომჯარიამ პირველი შეხვედრა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან გამართა და მომხდარის შესახებ მათი შეფასებები პირადად მოისმინა.