18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
"საინტერესოა დღეს, რა ფოტოებია საქმეზე მიმაგრებული" - მაჩალიკაშვილების ადვოკატი პროკურატურაში იმყოფება

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილ და ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, უკვე 2 საათია თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.

მარიამ კუბლაშვილი, საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს და სპეცოპერაციის ადგილზე, სამართალდამცველების და თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო მასალის შედარებას გეგმავს.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარეობს იმ ფოტო მასალის შედარება, რომელიც გააჩნია დაცვის და ასევე ბრალდების მხარეს.

უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ბევრი კითხვა არსებობს გამოძიების მისამართით, რადგან მათ, შემთხვევის ადგილის ბევრი ფოტო მასალა აქვთ. მარიამ კუბლაშვილი გეგმავს, საქმის გამომძიებელს კითხოს, დევს თუ არა მსგავსი ფოტო მასალა საქმეში.

გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რუსლან ალდამოვმა ის ადამიანები ამოიცნო, ვინც სპეცოპერაციის დროს, 22 ნოემბერს ლიკვიდირებულები იყვნენ. საუბარია ახმედ ჩატაევის ჯგუფზე.

„ფოტოები გვაქვს შემთხვევის ადგილის, უშუალოდ მეორე დღეს გადაღებული, აგრეთვე, რამდენიმე საათის შემდეგაც, რაც დასრულდა დათვალიერება ადგილის, ოჯახის ახლობლების მიერ და საინტერესოა დღეს, თუ რა ფოტოებია საქმეზე მიმაგრებული. ფოტოები, რომლებიც მე წარვადგინე, იყო უფრო გამჭვირვალე და პირდაპირ შეიძლებოდა ამოცნობა, ეს არ იყო პასპორტის ფოტოები მხოლოდ. ამოიცნო ორივე ადამიანი, რომელიც ლიკვიდირებული იყვნენ 22 ნოემბერს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს.

„სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ლაბორატორიული კვლევები ტარდება და მე ველოდები იმ პასუხებს და მე იქ ვარ ჩართული. მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ კონსულტირებას გავუწევ მარიამს, იმ საკითხებში, რაც ექსპერტიზებს შეეხება,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, ზუსტად დადგინდეს ტყვიის ტრაექტორია, როდესაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლის განხორციელება.

დღის ამბები