თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დღეიდან გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. ხმაურიანი სხდომის ბოლოს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მაინც დაუჭირა მხარი კალაძის ინიციატივას ხელფასის და დანამატის გაერთიანების შესახებ.
ოპოზიცია მოსახლეობის სოციალური პრობლემების ფონზე ამ გადაწყვეტილების მიღებას აკრიტიკებდა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სხდომაზე დედაქალაქის მერს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაშიც ადანაშაულებდნენ.
საკრებულოს უმრავლესობამ კახა კალაძის დადგენილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თანამშრომლებს ხელფასის ოდენობის 10%-ის აღება დამატებით კიდევ შეეძლებათ.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერიის ჩინოვნიკების ანაზღაურების გაზრდას არ ადასტურებს და მედიას სიცრუის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
საკრებულოს გადაწყვეტილებების მიხედვით, უკვე იანვრიდან მერიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის ვიცემერები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ.