მსოფლიოში თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების სიაშია გადაყვანილი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. ამის მიზეზი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა. ავტორიტეტულმა დასავლურმა ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის შემფასებელ ერთ-ერთ ფლაგმანს წარმოადგენს, პრობლემები საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოც დაინახა.
არასამთავრობო სექტორისთვის და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ, ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო.
თინა ხიდაშელი აფგან მუხთარლის გატაცებას სახელმწიფო ტერორიზმის ფორმას უწოდებს და შიშობს, რომ არა ნაკლებ მწვავე იქნება შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, რომელსაც ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყება მალე გამოაქვეყნებს.
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებიც. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და შენიშვნებს გაითვალისწინებენ, თუმცა ორივე მიზეზი, რომელთა გამოც საქართველოსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, შეუქცევადია.
სადამკვირვებლო სიაში გადაყვანის მიუხედავად, Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და მისი დემოკრატიის ხარისხი 3 ქულით არის შეფასებული.