თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნო. მარიამ კუბლაშვილი და ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი დღეს 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებაში. პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის ახალგაზრდის ინტერესების დამცველს გამოძიებასთან შეკითხვები აქვს. მას აინტერესებს, რამდენად სრულყოფილია ის მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს.
ადვოკატის განცხადებით, შეინიშნება სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები და მწირი ინფორმაცია. მისი თქმით, საქმე ბოლომდე შესასწავლია.
„მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ვარ კმაყოფილი ან უკმაყოფილო. ვინაიდან, საქმის მასალები არის მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია, მაგრამ დასკვნა არაფერზე არ დევს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა სხვადასხვა საკითხზე. პასუხი არ არის მიღებული, აქედან გამომდინარე, იქ არანაირი დასკვნა არ არის. არის სხვდასხვა ინფორმაცია მითითებული, დაკითხვის ოქმები. რაც შეინიშნება უფრო მასიურად და აქტიურად, ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები და მწირი ინფორმაცია,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
პროკურატურაში მარიამ კუბლაშვილთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმყოფებოდა.
„იყო თუ არა დაგვიანება, იყო თუ არა კოორდინაცია დარღვეული, იყო თუ არა სამედიცინო მანიპულაციებში რაღაც პრობლემები. ეს გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიდება,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.