სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ყოფნისას, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ისლამური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადგილობრივები ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და სახალხო დამცველის ოფისს სთხოვენ, რომ არ შეწყდეს საქმის დეტალების მოკვლევა.
„დაგვპირდა იმას, რომ აუცილებლად მიიტანს ჩვენს შენიშვნებს და ჩვენს გულისტკივილს ხელისუფლებამდე,“ - განაცხადა იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემაზე და იმ არსებულ სტიგმაზეც საუბრობენ, რაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მათი ტერორისტებად ან ტერორისტებთან კავშირში მყოფ პირებად გამოცხადებას უკავშირდება.
„მათთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ გაასაჯაროვა, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტები არ ადასტურებს ამ პირის ჩართულობას და მონაწილეობას დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ან მის დახმარებას. ამიტომ, განსაკუთრებით გვთხოვენ ჩვენ, სახალხო დამცველის ოფისს, რომ მოვითხოვოთ ამ ფაქტის ეფექტური გამოძიება, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.