20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
გამოვთქვამ მზაობას, პრეზიდენტის თანამშრომლები შევიფაროთ - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა. 

წულუკიანის თქმით, უწყება მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფართი დაუთმოს. 

მინისტრის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისიის სამუშაო ადგილად იუსტიციის სამინისტროს სისტემა გამოაცხადა, რითაც შარშან მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია ორი დღის წინ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა. 

"საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისთვის და აქ პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების, პრეზიდენტის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ,” - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისიასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი „არჩევანში“ გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლში ტრადიციული შეკრებისთვის მისული კომისიის წევრები შენობაში არ შეუშვა.

„არ შეიძლება ასე მოქცევა, არ შეიძლება კომისია რომ უკეთესი არის, ამიტომ გამოასახლო. არც რატომ გამოასახლა ის არ მესმის, არც უკან რატომ დააბრუნა, ის არ მესმის. მე ერთადერთი ვიცი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ძალიან გასაგებად აუხსნა ყველას, რომ უბრალოდ, უხერხულია და გაუგებარია, რომ კომისია უფრო ხარისხიანად რომ მუშაობს, ამიტომ გამოასახლო და დღეს დააბრუნეს. ეს საკითხი გადაწყვეტილია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები