მარგველაშვილი პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.
ბიბილაშვილი საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი არასამართლებრივი სასჯელის მიუხედავად, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, გუშინ „არჩევანის“ ეთერში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაადასტურა, თუმცა ასევე დაადასტურა, რომ ის პროცესის მონაწილეა.
„ეს ერთის მხრივ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ყველა პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა და სხვა არაფერი და მეორე იმაზე მიუთითებს, რომ მარგველაშვილი დღეს ამ პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე. ვინაიდან მან თქვა, მსოფლიომ სიმართლე როცა გაიგო, მაშინვე დაუსვა დიაგნოზი ქართულ მართლმსაჯულებასო. დღეს ის მალავს დოკუმენტაციას, მალავს სიმართლეს, რომ მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და პროკურატურას ხელისუფლების იარაღს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
“ქართულმა ოცნებამ“ ის მანკიერება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, თავის თავზე მოირგო, ოღონდ განსხვავებით იმდროინდელი პროკურატურისგან, დანაშაულის მაჩვენებელი მაინც იყო ქვეყანაში გაცილებით დაბალი და ამ მიმართულებით ართმევდა პროკურატურა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა დაკისრებულ მოვალეობას თავს. ჩვენ ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც პროკურატურას იყენებენ დაკვეთების შესასრულებლად, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.