„საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება კრიმინალის საგანგაშო ზრდას,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობაზე გააკეთა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ეს ვითარება ”ქართული ოცნების” პოლიტიკური შეცდომების და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგია.
ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს შეცდომები და ვითარების გამოსასწორებლად დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.
„მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ძალიან საგანგაშო, მძიმე ვითარებას. ამას ვერ უშველის ვერც წინასაახალწლო რეიდები, სტატისტიკის გაყალბება. ეს არის ვითარება, რომელსაც, პირველ რიგში, სჭირდება აღიარება, პრობლემის დაფიქსირება და შემდგომ სერიოზული, ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად. საჭიროა პოლიციის დემორალიზების ნაცვლად, მისი გააქტიურება. აუცილებელია საკანონმდებლო ნაბიჯების დაგეგმვა," - განაცხადა ოთარ კახიძემ.