საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ეხმაურება. თემურ ჯანაშია მარგველაშვილის შეფასებებს წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებს.
ჯანაშიას თქმით, მარგველაშვილს იმდენად სძულს სააკაშვილი, რომ მას არ აინტერესებს სამართლებრივი პროცესი.
ბრალდებაზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის დაცვის უფროსს წაუყენეს, გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად, გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. პრეზიდენტი თვლის, რომ სწორედ მსგავსი უსუსური ბრალდებების გამო, ქვეყანა სამარცხვინო მდგომარეობაშია.
„როდესაც ლეგალურად იხარჯება ეს ხარჯები, პრეზიდენტის განკარგულებით, ჩართულია სახელმწიფოს სხვადასხვა აღმასრულებელი შტოები და მხოლოდ ჯანაშიას დასდევ, რატომ შეასრულე ეს განკარგულებაო, ესეც სასაცილოა რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი იმდენად ვერ იტანს მიხეილ სააკაშვილს, რომ მას არ აინტერესებს სამართლიანობის პროცესი როგორ გაგრძელდება სასამართლოში და ამით ხელს უწყობს პროკურატურას და მალავს იმ განკარგულებებს, რომელიც გამოიცა 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
განცხადება ჯანაშიამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალების გამო გასამართლება არის სამართლებრივი სიბეცე.
„ყველანი ვთანხმდებით, გარდა პროკურატურისა და სასამართლო სისტემისა, რომ შეწყალების გამო პრეზიდენტის გასამართლება, ეს არის სრული სამართლებრივი სიბეცე. ჩვენ ამ საქმის დაწყების დღიდან ვამბობთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და თავისი შინაარსით სახელმწიფო პოზიციებიდან და გადმოსახედიდან არის სამარცხვინო. როდესაც ბრალად აქვს შერაცხული და საქმეში მტკიცებულებად არის წარმოდგენილი სხვა პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობისას აბანოში გაწეული 40 ლარიანი ხარჯი, ეს არის ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეურაცხყოფის მიყენება,“ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.