თურქეთის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით კონსულტაციების დასრულებამდე არ იმოქმედებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
„შედგა შეხვედრები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სატელეფონო საუბრები შედგა შს მინისტრებს შორის, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ კონსულტაციების დასრულებამდე ეს რეგულაციები არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი თურქეთი ელჩთან. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ის უვიზო რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთის გართულებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. მოვაჭრეები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველდღე დადიან შესაძლოა, მალე უმუშევრები დარჩნენ.