”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართვა პროკურატურას და აუდიტის სამსახურს - ოპოზიცია, ყოფილი "მზიურის" ტერიტორიის გასხვისების საკითხის გამოკვლევას და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის დათვლას მოითხოვს.
მახინჯაურში ყოფილი "მზიურის" ტერიტორია 2 წლის წინ ერთ ერთ კომპანიაზე გაიყიდა. 10 მილიონიანი ინვესტიციით, ტერიტორიაზე, 100 ნომრიანი სასტუმრო და სარეკრეაციო ზონა უნდა გაეშენებინათ.
ოპოზიციის განცხადებით, ნაცვლად განაშენიანებისა, ადგილზე გაიჩეხა ხეები და ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა.
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მფარველობს.
„ობიექტის გასხვისების შემდეგ პირიქით განადგურდა ტერიტორია, განადგურდა ინფრასტრუქტურა, რაზეც არავინ არ დასჯილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კომპანიასთან დაკავშირებულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. უქმნიან ამ კომპანიას სასათბურე პირობებს. მოვუწოდებთ აჭარის პროკურატურას და აუდიტის სამსახურს, დაიწყონ საკითხის შესწავლა,“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს "ენმ"-ის წევრმა გია აბულაძემ.