ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ იძებნება სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევი, რომელსაც მოკლულთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.
ცხინვალში ფიქრობენ, რომ კაზიევმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს ტერიტორიას შეაფარა თავი. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს დუდაევის მკვლელს გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.
ცნობილი კრიმინალი მარეკ დუდაევი სოფელ არცევში გუშინ მოკლეს. ის სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მასთან თანასოფლელი მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ ესროლა.
მარეკ დუდაევი, 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხეში დუდაევმა 9 წელი გაატარა.
2013 წელს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, დუდაევი პატიმრობიდან ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლა.