თამაზ ქვლივიძე სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დააბრუნა. მძიმე დანაშაულში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. თამაზ ქვლივიძის საქმის არსებითი განხილვა თებერვალში გაგრძელდება.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ქვლივიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დააბრუნა.
თამაზ ქვლივიძეს გამოძიება კლუბ "ბასიანის" უსაფრთხოების თანამშრომლების და დიდუბის პოლიციის მაღალჩინოსნის დაჭრას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, 26 წლის ახალგაზრდამ ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციელს მას შემდეგ მიაყენა, რაც ის კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ქვლივიძე ამბობს რომ, სისხლიანი გარჩევის პროვოცირება კლუბის დაცვის უფროსმა მოახდინა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსის მხრიდან პროვოცირებაზე საუბრობს დაკავებულის ადვოკატიც რომელმაც, მისი მტკიცებით, თამაზ ქვლივიძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, თავდაცვის მოტივით კი, ბრალდებული იძულებული იყო დაცვის მოტივით, დანა გამოეყენებინა.
ზაზა მესხის თქმით, პროკურატურას ქვლივიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის გამო, სააპელაციო სასამართლომ ქვლივიძე პატიმრობაში დააბრუნა.