არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯია" ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ საქართველოს საავიაციო პოლიტიკა დეტალურად შეისწავლა და შედეგების მეორე ნაწილს დღეს გაასაჯაროებს.
სამოქალაქო სექტორის ანგარიშში ასევე მოხვდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო კონვენციებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები.
„ჩვენ მივიღეთ შედეგად ის, რომ საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება უცხოური ავიაკომპანია, რომელიც ასრულებს რეისებს ქვეყნის შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ "იკაოს" შეთანხმების თანახმად, მე-9 თავის უფლება ირღვევა. ანუ, ირღვევა ჩიკაგოს კონვენცია. ჩვენ ეს დარღვევა უკვე მეორედ ჩავიდინეთ, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყანაში ავიაციის სექტორის განვითარებას,“ - განაცხადა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.