გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიასთან უფლებადამცველი შევიდა. ყოფილი პროკურორი სამართლდამცველებმა არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჭანტურიას ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა და მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა.
ჭანტურას უფლებადამცველების განცხადებით, მას ბრალს დღეს 6 საათამდე წაუყენებენ და სავარაუდოდ დღესვე ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
„ფაქტობრივად ის ბრალდებულია, ვინაიდან დაკავებული ჰყავთ უკვე დაახლოებით 48 საათია, მაგრამ მის მიმართ ბრალის წარდგენა ჯერ კიდევ არ მომხდარა. ის დარღვევები, რომელიც მოხდა და რომელიც ხდება ჯერ კიდევ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მე გიორგი ჭანტურიასთან გავიარო გარკვეული კონსულტაციები, ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე და შემდეგ უკვე გაგაცნოთ თქვენც," - აცხადებს ადვოკატი ანა კეკელიძე.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან ჭანტურიას კავშირზე ისაუბრებს, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ჭანტურიას უდანაშაულობას ადასტურებს.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ჭანტურიას მდგომარეობა მძიმეა, მას დიაბეტი და მაღალი წნევა აწუხებს.
"ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. არავითარი ჩანაწერები, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა გუშინ, არის ფაქტობრივად მის მიმართ გამამართლებელი, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შემხებლობას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან და არც ასევე მის შემხებლობას 236-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ვაზნებს. ანუ, არცერთ მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარდა ჩხრეკა. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის იარაღის 9 ვაზნა. ადვოკატების ინფორმაციით, ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.