20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

სახალხო დამცველი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ნინო ლომჯარიას სურს, მესამე სექტორისგან მოისმინოს თუ რა პრობლემები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კუთხით.

ნინო ლომჯარიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის სამომავლო გეგმებსაც გაეცნობიან მესამე სექტორის წარმომადგენლები.

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხებიან. კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესაც შეეხებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში და მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა ხდება სასამართლოში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ, ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ერთი და იგივე სახელმწიფო უწყება ახორციელებს.

„პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის და შემდგომი მოვლენების დროს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ანტიტერორისტულ ოპერაციას, პრევენციულ, ოპერატიულ სამძებრო, საგამოძიებო საქმიანობას ერთი და იგივე სახელმწიფო უწყება ახორციელებს, რომელიც ამავდროულად სრულად დახურულია და მასზე საპარლამენტო თუ საჯარო კონტროლი არის აბსოლუტურად სუსტი. ამ პირობებში, ჩვენ ცხადია, ვითხოვთ სუს-ის ინსტიტუციური რეფორმის საკითხის კრიტიკულად დასმას,“ - განაცხადა მიქელაძემ. 

დღის ამბები