სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ომბუდსმენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე შეფასებებს მოგვიანებით გააკეთებს.
„ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ შევაფასებთ და გვექნება პოზიციები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად დაასაბუთა სასამართლომ ბრალი და რამდენად იყო საკმარისი და სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიცემულიყო პასუხისგებაში შეწყალების აქტის განხორციელების გამო,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, შეხვედრაზე სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ყველა მასალა გადასცეს.
„ეს არ არის ბრძოლა, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაა", ეს არ არის ბრძოლა, რომელშიც რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიაა, ეს არის საქართველოს ყველა კანონმორჩილი მოქალაქის ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს სასამართლო, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს მომავლის განცდა და იმედი კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის ანუ, საქართველოში დასრულდეს ივანიშვილის კლანური კორუმპირებული მმართველობა,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველის არგუმენტაცია სამართალზე დაფუძნებული იქნება.