20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
მანქანა, რომელსაც გიორგი ჭანტურია გენერლის მკვლელობის დღეს მართავდა, ხელახლა გაჩხრიკეს

გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის წაყენების ვადა გამთენიის 6 საათზე იწურება. მანამდე მისი ადვოკატები ამბობდნენ, რომ ვადა საღამოს 6 საათზე ამოიწურებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოქმის შედგენის დროსთან დაკავშირებით მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ.

ხმაური მოყვა დაკავებულის მამის დალუქული ავტომობილის გახსნას. სამართალდამცავებმა ზურაბ ჭანტურიას მანქანა ხელახლა დაათვალიერეს. ოჯახის წევრების თქმით, გიორგი ჭანტურია მამასთან ერთად მართავდა ამ მანქანას ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს.

სამართალდამცავებმა აღნიშნული მანქანა 16 იანვარს გაჩხრიკეს, მანქანაში არსებული ნივთები ამოიღეს და დალუქეს.

ზურაბ ჭანტურიას მანქანა ამ დროისთვის ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს ეზოში დგას და მისი ხელახლა დათვალიერება ექსპერტებმა იმ დროს დაიწყეს, როდესაც ადვოკატი შენობაში იმყოფებოდა.

გიორგი ჭანტურიას დის თქმით, ექსპერტებმა მანქანის დათვალიერების დროს იმ ნივთებთან ერთად, რაც 16 იანვარს ამოიღეს, კიდევ სხვა ნივთებიც მოიტანეს, თუმცა, ოჯახის წევრებს და შემდეგომ არც ადვოკატს არ განუმარტეს, ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ნივთები.

სამართალდამცავებმა ადვოკატს მანქანის ხელახლა დათვალიერების აუცილებლობაც ვერ განუმარტეს.

გამომძიებელი აცხადებს, რომ ადვოკატის გარეშე მანქანის ხელახალი დათვალიერება კანონდარღვევა არ არის.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალის წარდგენა მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება და ბრალის წარსადგენად, სამართალდამცავები ყველანაირ ღონეს მიმართავენ.

გიორგი ჭანტურიას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საგამოძიებო უწყებას დრო 6 საათამდე აქვს. მას ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროკურატურაში ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

დღის ამბები