ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დასრულებულია. სხდომაზე სულ 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი გამოდგა გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცება და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, რაც ჩინოვნიკებისთვის ხელფასების მნიშვნელოვან მატებას გულისხმობს.
საკრებულოს სხდომაზე დღეს ორი ახალი ფრაქციის დაფუძნების შესახებაც იმსჯელეს. ამ ფრაქციების შექმნის მიზნით, „ქართული ოცნების“ რიგები მანამდე საკრებულოს სამმა დეპუტატმა დატოვა.
თუმცა, ეს ფრაქციები, რომლის დაფინანსება ბიუჯეტს 300 000 ლარამდე დაუჯდება, დღეს მაინც ვერ შეიქმნა, რადგან ხმათა უმრავლესობას ბორჯომში ოპოზიცია აკონტროლებს.
„ფრაქცია „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა, რაც შეეხება იმ ორ ფრაქციას, „კონსერვატორებს და „მრეწველებს“, მათ მოინდომეს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელფასების გამო, რადგან ჰქონოდათ ახალი ფრაქციები, ჰყოლოდათ ახალი მოადგილეები, ახალი ორი ფრაქცია ჩამოეყალიბებინათ, მოადგილეები დაენიშნათ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ ხელფასს და თვითონ კანონიც არ გვაძლევს ამის საშუალებას,“ - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ ბოიკოტს აგრძელებს, ისინი საკრებულოს სხდომას არც დღეს დაესწრნენ.