„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ. ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. თავად დაზარალებული ამ ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს და კრიმინალად განიხილავს.
ალექსანდრე კვახაძის თქმით, მისთვის ნაცნობი ორი პიროვნება შეხვდა და მოსთხოვეს 600 ლარი, რაზეც მან უარი უთხრა. ამის შემდეგ შესთავაზეს, რომ მობილური ტელეფონი ჩაებარებინა ლომბარდში, რაზეც კვახაძემ ასევე უარი განუცხადა და სწორედ ამას მოყვა აღნიშნული პირების გაღიზიანება.
„მთხოვეს, რომ გარკვეული თანხა, რომელიც დაახლოებით, ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს, მიმეცა მათთვის. ასევე მთხოვდნენ, რომ თანხა online სესხის სახით გამომეტანა, რაზეც პრინციპული და კატეგორიული უარი ვუთხარი, რის შემდეგაც უკვე წამოვიდა მუქარა და წამოვიდა შეურაცხყოფა და ამის მერეც რომ ვთქვი უარი, მერე უკვე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ჩემზე,“ - განაცხადა კვახაძემ.
ექიმ თემურ ხელაშვილის თქმით, ალექსანდრე კვახაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი