ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. მიმდინარე წლის ბიუჯეტმა ჯამში 54 მილიონი შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ევროპული საქართველოს" წევრებს, მათი თქმით, ნაჩქარევად მიღებულ დოკუმენტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
„არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის დაკვეთა იმასთან დაკავშირებით, რომ იზრდება ფასები ელექტრო ენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, მედიკამენტებზე, პროდუქტებზე,“ - აღნიშნა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით გოგისვანიძემ.
ბიუჯეტს რეგიონული ფონდიდან 8 მილიონი დაემატება და ჯამში მერიის მიერ დასახარჯი თანხა 62 მილიონ ლარამდე ავა.
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც სოციალური პროექტები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, კარგად დაბალანსებული და განაწილებულია, რადგან ბიუჯეტი, ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ არის გაკეთებული,“ - ამბობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით, ბიუჯეტის განხილვა ზეპირსიტყვიერად მოხდა და მერიამ მათი ინიციატივები არ გაითვალისწინა.
„არცერთი შენიშვნა ოფიციალურად არ არის შემოსული საკრებულოში, ის რაც შევიდა გუშინ კომისიის სხდომაზე,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.